ადიგენში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

ადიგენში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

გამგეობის ინფორმაციით, ახალციხე–აბასთუმნის გზაზე, ამ სოფლების მონაკვეთში, გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და ამ დროისათვის გზა გახსნილია. გზებზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

პარალელურ რეჟიმში, დილიდან, ადიგენის გამგეობაში შექმნილი ზარალის შემსწავლელი კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სწავლობს.

როგორც გამგეობაში ამბობენ, ზარალს ორი მიმართულებით ითვლიან: ინფრასტრუქტურის კუთხით და ასევე, სოფლის მეურნეობის.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 მაისს, საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ხევებმა და ნიაღვრებმა ადიგენის ოთხი სოფელი დააზარალა: სოფელი აბასთუმანი, ვარხანი, ბენარა და უნწა.

მოვარდნილი ნიაღვრები ადგილობრივების სახლებსა და ნაკვეთებში შევარდა. ორი ოჯახის წევრებმა წყალდიდობას ვერ გამოასწრეს, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურმა, ასევე, გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახლში ჩარჩენილების გამოყვანა მოახერხეს. ვარხანში, გზის პირას მდებარე სახლების უმეტესობაში მოვარდნილმა ნიაღვრებმა პირველი სართულები და სარდაფები დატბორა. რამდენიმე სახლში მოინგრა სახლის კედლის ნაწილი და ღობეები.

გარდა ამისა, ადიდებული ხევებისგან ჩამოტანილმა ქვა–ღორღმა და მოგლეჯილმა ხეებმა გაჭედა მილხიდები, ნიაღვრები გზაზე გადმოვიდა და სამ ადგილას, სოფელ ვარხანში, ასფალტის საფარი აყარა.

ოთხივე სოფელში დაიტბორა გზის პირას მდებარე სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები. ნაკვეთები დაიტბორა სოფელ არალშიც.

თითქმის ერთი საათის განმავლობაში, ვარხანში, შეფერხებული იყო მოძრაობა. გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც მძიმე ტექნიკამ და სამაშველო სამსახურმა, დანგრეული მილხიდების გაწმენდა შეძლეს და აყრილი ასფალტი ისე ჩააწყეს, რომ ტრანსპორტს გავლა შესძლებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საქართველოს საგზაო დეპარტამენტი, ენერგო–პრო ჯორჯიას სამსახური. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე.

რა ოდენობის ზარალი მიიღო ადიგენის მუნიციპალიტეტმა გუშინდელი წყალდიდობის შედეგად, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.sknews.ge