როგორი იქნება საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი

როგორი იქნება საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი

მიმდინარე წლის 16 მაისს საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ.

ამ საკითხზე იმუშავებს “ლიბერთი” ბანკი, რომელმაც კვლავ გაიმარჯვა პენსიების გაცემის ტენდერში. “ბანკს პენსიონერებთან მუშაობის შესაბამისი გამოცდლება აქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

“ლიბერთი” ბანკის ინფორმაციის მიხედვით, მათ ჯერ არ მიუღიათ შესაბამისი ბრძანება და არ არის ცნობილი, თუ როდის იქნება მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება.

პენსიონერების რიცხვი 2021 წლის ბოლოსთვის 793.8 ათასს შეადგენდა. აქედან უმეტესობას აქვს აღებული სესხი. სესხის მოცულობა შეადგენს 1000-დან 2000 ლარამდე. ჩვეულებრივ საბანკო სისტემაში მსგავსი სესხების განაკვეთი 24%-დან 25%-მდეა, თუმცა ხანდაზმულთა შემთხვევაში კრედიტს ემატება სპეციალური დაზღვევის ღირებულებაც, რაც საპროცენტო განაკვეთში არის ასახული. ეს არის დაზღვევა იმისა, რომ ხანდაზმული კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ვალდებულების მომსახურება წყდება.