ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვაკანსა და სამებაში ბოლო დროს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში პიროპლაზმოზის დაავადება გავრცელდა.
მაცხოვრებლების თქმით, ძროხების დაღუპვის შემთხვევების შემდეგ მოსახლეობამ პირუტყვის აცრა დაიწყო. სოფელ სამების მკვიდრის თქმით, სოფელში ამ დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც სოფელ სამებას მკვიდრმა გვითხრა, წინა დღეს შენიშნა, რომ ხარი ავად გახდა, სასწრაფოდ იყიდა წამალი და აცრა გაუკეთა. ცხოველი მალევე გამოჯანმრთელდა.
“სულ 7 ძროხა მყავს, დაავადებული კი მხოლოდ ხარი იყო. მაგრამ დროულად შევნიშნე და ვუმკურნალე. სხვა შემთხვევა სოფელში არ დაფიქსირებულა.”
როგორც სოფელ ჟდანოვაკანის მოსახლეობამ აღნიშნა, სოფელში ძაღლების დახოცვის შემთხვევებიც იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელში 3 ძაღლი დაიხოცა. მიზეზი ხალხმა არ იცის, თუმცა ტკიპას ნაკბენს ვარაუდობენ.
როგორც სურსათისა და ცხოველთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, მასალები ექსპერტიზაზე გადაიტანეს ლაბორატორიაში. როგორც მკვდარი ძროხისგან, ისე ავადმყოფი ძროხისგან ლაბორატორიაში გადატანილი ბიომასალის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
პიროპლაზმოზის მურნალობა სახელმწიფო პროგრამაში არ შედის. თვითონ მესაკუთრემ უნდა იზრუნოს პირუტყვის მკურნალობაზე. ამ დროისთვის ერთი ძროხაა მომკვდარი. ექსპერტიზის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
ცნობისთვის:
პიროპლაზმოზი (Piroplasmosis, ნაბარევი, ციება, დასიცხვა, ტკიპარა) არის საძოვრული, (სეზონური) დაავადება. ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე. პირველი აფეთქება გამოწვეულია გამოზამთრებული ლარვებით.
დაავადება ცხოველებში მიმდინარეობს მწვავე ფორმით. განსაკუთრებით მგრძნობიარეა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მოზარდ ცხოველებში დაავადება მსუბუქი ფორმით ან ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.
ინკუბაციური პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 8-დან 24 დღემდე. დაავადება იწყება მაღალი ტემპერატურით, 400-410-მდე და შეიძლება უფრო მეტიც. მკვეთრად გამოხატულია ცხოველის დათრგუნვა, მადა ქვეითდება, ცხოველი არ იცოხნის, პულსი ხშირდება 110-120-მდე წუთში.