იდეათონი, ეკო-კლუბების პრემია და ბანაკები… რა ხდება ახალგაზრდულ ცენტრში?

იდეათონი, ეკო-კლუბების პრემია და ბანაკები… რა ხდება ახალგაზრდულ ცენტრში?

ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრში 1-15 თებერვალს ორგანიზაცია CENN-ის SEED პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის იდეათონი გაიმართება.

ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია რეგიონალურ იდეათონზე (იდეების კონკურსზე), სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა (ნინოწმინდა, გორი, ახმეტა) და სომხეთში(ლორი, ტავუში, შირაკი) მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს. იდეათონის მიზანია ინოვაციური ცოდნის ჰაბებების ფარგლებში ახალგაგაზრდებმა იმსჯელონ მოწყვლადი და NEET კატეგორიის ახალგაზრდების გაძლიერებაზე. მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდები, რომლებიც არ სწავლობენ რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არ არიან დასაქმებულნი ან/და არ არიან აქტიურად ჩართულნი სამოქალაქო ცხოვრებაში. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები.

იდეების კონკურსის შესახებ უფრო დეტალურად ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა ირინა კარსლიანმა ისაუბრა.

Radio NOR · ირინა კარსლიანი რეგიონალური იდეათონის შესახებ

მეორე, რაც ირინამ ახსენა, ეს არის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია სკოლებში არსებული ეკო-კლუბებისთვის. როგორც მან ახსენა, სკოლებში აქტიურ მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ეკო-კლუბი და გარემოსდაცვითი ღონისძიებები და აქტივობები განახორციელონ. “თუ მათ რაიმე კითხვა ექნებათ, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავეხმარებით. ეკო-კლუბები ჩაატარებენ პრეზენტაციას საკუთარი საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც გამოავლენენ გამარჯვებულს. გამარჯვებული კლუბი ფულად ჯილდოს მიიღებს.” – ამბობს ირინა.

გარდა ამისა ბულაჩაურის მწვანე ცენტრში უკვე რამდენიმე ჯერ გაიმართა და ახლაც იმართება რეგიონალური ბანაკი, სადაც ნინოწმინდის ახალგაზრდებიც არიან ჩართულნი. ბანაკი იმართება სოციალური და მწვანე მეწარმეობის უკეთესად შესასწავლად, რომელიც გრძელდება 10 დღე. ამ დღეების განმავლობაში სომხეთისა და საქართველოს ახალგაზრდები სწავლობენ ბიზნეს მოდელის შექმნასა და სოციალური საწარმოების კონცეპტს. იგეგმება კიდევ რამდენიმე ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.