ასრულებული “ამერიკული ოცნება” – როგორ მოხვდა ახალგაზრდა გოგონა ნინოწმინდიდან ამერიკაში?

ასრულებული “ამერიკული ოცნება” – როგორ მოხვდა ახალგაზრდა გოგონა  ნინოწმინდიდან ამერიკაში?

საკუთარი ძალებითა და დიდი მოტივაციით ასრულებული ბავშვობის “ამერიკული ოცნება” და სირთულეები, რომლებსაც აწყდება საქართველოს მოქალაქე შეერთებულ შტატებში გადასვლისას. დღეს რადიო NOR-ი მოგიყვებათ რუზანა იაჟიანზე, 22 წლის გოგონაზე, რომელმაც საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან, ოკეანის მეორე მხარეზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.

რუზანას ამერიკული ისტორია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც ის FLEX პროგრამით აშშ-ში გაემგზავრა. იგი ერთი წლის განმავლობაში ამერიკულ ოჯახში ცხოვრობდა და იქ სწავლობდა სკოლაში. FLEX პროგრამით მიღებული სასწავლო ვიზა ერთი წელი მოქმედებდა, რის შემდეგაც მონაწილეები 2 წლის განმავლობაში აშშ-ში ვერ მიიღებენ ვიზას. რუზანა 6 წლის შემდეგ, კვლავ იმყოფება აშშ-ში, იგივე ქალაქში (ოჰაიოს შტატის, ქ. სიდნი, იგივე ოჯახთან. წარმოგიდგენთ ინტერვიუს იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა იგი ამერიკაში ხელმეორედ, რა მიზნები აქვს და რა სირთულეებს აწყდება ამერიკაში ცხოვრებისას.

– როგორ მოხვდი ამერიკაში პირველად?

“ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. ძალიან მიყვარდა ამერიკა. ყოველთვის, როდესაც სოფელში, ეშტიაში, ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვიხედებოდი მთებს ვხედავდი, და ვფიქრობდი, რომ თუ კი დიდხანს ვივლიდი და ამ მთებს გადავლახავდი ამერიკაში მოვხვდებოდი. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში FLEX-ი გამოჩნდა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.



ჩვენს რეგიონში, ხშირად მშობლებს არ უნდათ, რომ შვილი მათგან შორს ჰყავდეთ, თუნდაც დროებით. ჩემი მშობლების შემთხვევაშიც ასე იყო, თუმცა ისინი ხვდებოდნენ, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ჩემს განვითარებასა და წინსვლას.

როდესაც პირველად მოვხვდი აშშ-ში, როგორც მე, ასევე სხვა მონაწილეებსაც, ე.წ. “კულტურული შოკი გვქონდა, რადგან ეს იყო ახალი ქვეყანა, ახალი გარემო, სადაც ყველაფერი სხვანაირია. ისეთი, რასაც ჩვენ არ ვართ მიჩვეულები. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ იგივე იყო დაბრუნებისას. “

– რა ემოციები გქნოდა როდესაც საქართველოში დაბრუნდი?

“საქართველოში დაბრუნება ჩემთვის რთული იყო. მიჩვეული ვიყავი ამერიკას, იქაურ ცხოვრების წესს, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი მოტივირებული, ენერგიით სავსე, მინდოდა ადამიანების შეცვლა. შემდგომ მივხვდი, რომ ვერ შევცვლიდი მათ იმ დონემდე, როგორ გარემოში ცხოვრებასაც ვისურვებდი. ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. და ამ დროს მივხვდი, რომ ამერიკული კულტურა უფრო ახლოსაა ჩემთან. არც ცუდია, არც კარგი, უბრალოდ განსხვავებულია. ისეთია, სადაც მე მინდა ცხოვრება. ამიტომ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და ახლა აქ ვარ.”

– როგორ მოხვდი ამერიკაში მეორედ?

უცბად მოხდა ყველაფერი. FLEX-ის დროს, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი, ისინი ევროპაში ხშირად იყვნენ. მინდოდა, რომ წავსულიყავი რამდენიმე დღით იტალიაში და მომენახულებინა ისინი, მაგრამ სამსახურის გამო ვერ მოვახერხე. და ჩემმა ე.წ. ჰოსტ-დედამ მაშინ თქვა, “რას იტყვი იმაზე, რომ ამერიკაში ჩამოხვიდე და აქ გვნახოო?”. იმ მომენტისთვის მიმაჩნდა, რომ რთულად მისაღწევი მიზანი იყო, რადგან ვიზის აღება არც ისე იოლი საქმეა. საბუთების შეგროვება, საელჩოში გასაუბრებაზე გასვლა, გადახდები და ეს ყველაფერი ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია.

ნინოწმინდაში იწყება ახალი 5 წლიანი პროექტი “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”

როდესაც პირველად შევიტანე განაცხადი, აღმოჩნდა, რომ 2024 წლისთვის შევძლებდი გასაუბრებაზე გასვლას და ისიც საკითხავი იყო, გავიდოდი შემდეგ ეტაპზე თუ არა. მაგრამ ვებ-გვერდზე შევდიოდი ხოლმე, რადგან გასაუბრების თარიღი ხანდახან იცვლება. ერთ დღეს შევამოწმე გვერდი და ვნახე, რომ ოქტომბერში შევძლებდი გასაუბრებაზე გასვლას. გასაუბრების შემდეგ მომცეს 6 თვიანი ტურისტული ვიზა და 12 დეკემბერს ჩამოვედი ამერიკაში.

რუზანას მომავალი მიზნების, ამერიკაში არსებული სირთულეების, იმაზე, აპირებს თუ არა იგი საქართველოში დაბრუნებას, არის თუ არა რაიმე საქართველოში, რაც არ არის აშშ-ში და სხვა კითხვებზე პასუხებს მოუსმინეთ ჩვენს აუდიო ჩანაწერში.

Radio NOR · Რუზანა იაჟიანი თავისი “ამერკული ოცნების” შესახებ