ერთ თვეზე მეტია, რაც სატრასნპორტო საშუალების გაჩერების ამკრძალავი ნიშანი პუშკინის ქუჩაზე ტროტუარზე დევს.
ეს ნიშანი 2023 წლის თებერვლამდე ამავე ქუჩაზე მდებარე წყაროს მოპირდაპირე მხარეს იყო დაყენებული. იგი კრძალავს სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც იგია დადგმული.
2023 წლის 20 თებერვალს რადიო NOR-ი ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს გაესაუბრა იმის შესახებ, აღადგენენ თუ არა ამ და სხვა საგზაო ნიშნებს, სადაც გვიპასუხეს, რომ აუცილებლად აღადგენენ, თუმცა როდის ჯერ-ჯერობით უცნობია.
ნინოწმინდაში აღდგენას ექვემდებარება ასევე სხვა საგზაო ნიშნებიც, მაგალითად თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ქვეითების გადასასვლელის ამსახველი ნიშანი, რომელიც თვეების განმავლობაში ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ ღობესთან დევს. ამასთან დაკავშირებით მერიაში თქვეს, რომ ამ საგზაო ნიშნის დაყენება ევალება მას, ვინც შეასრულა კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები, რადგან სწორედ გაზონის შემოღობვის სამუშაოების გამო იქნა ეს ნიშანი ამოღებული.
რადიო NOR-ი დაუკავშირდა შპს “ოლიმპი 2012“-ს, რათა გაერკვია, თუ როდის აღადგენენ ნიშანს. კომპანიის წარმომადგენელმა საუბარში აღნიშნა, რომ გაარკვევს სიტუაციას და კონკრეტულ პასუხს მოგვიანებით მოგვაწვდის.