მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს

მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს

ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ერთი პოლიციელი იდგა. იმ სვეტთან კი სადაც დროშა ფრიალებდა, ხუთამდე პოლიციელი მოგვიანებით გაჩნდა. – აცხადებს ტელეკომოპანია ფორმულა.

ძალადობრივმა ჯგუფებმა მსვლელობა მოაწყვეს, როგორც ამბობენ, ზაჰესიდან მოდიოდნენ. ისინი აგრესიულ და მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ. რუსთაველის გამზირზე კი ქვები დაუშინეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა იყო გადმოფენილი.

ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ნასროლი ლოდი აივნიდან მათ ოფისში შევარდა და ოთახში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს თავში ხვდებოდა, რომელმაც თავი ხელებით დაიცვა.

პრორუსულმა დაჯგუფებებმა ევროკავშირის დროშა წარსულშიც ჩამოგლიჯეს. 2021 წლის 5 ივლისის მეორე დღეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს. 7 ივლისს კი დროშა მაშინდელმა სპიკერმა, კახა კუჭავამ აღმართა.

ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა.

პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშების დაზიანებისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ვიდეო მარიამ ნიკურაძის