წყლის განმეორებითი გაჟონვა ჩარენცის ქუჩაზე: ოჯახი და წყალმომარაგების კომპანია ვერ პოულობენ საერთო ენას

წყლის განმეორებითი გაჟონვა ჩარენცის ქუჩაზე: ოჯახი და წყალმომარაგების კომპანია ვერ პოულობენ საერთო ენას

ერთი კვირის წინ რადიო NOR-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ქალაქ ნინოწმინდაში, ჩარენცის ქუჩაზე წყალგამყვანი მილის დაზიანების გამო, სასმელი წყალი ქუჩის გასწვრივ მიედინებოდა.

წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელ, არზუნ გოროიანთან საუბრისას გაირკვა, რომ სასმელი წყლის ეს ხაზი კერძოა. ანუ არ არის კავშირში საერთო ცენტრალურ სისტემასთან, რომელიც წყალმომარაგების კომპანიის მფლობელობაშია. თუმცა კომპანიის თანამშრომლები მაინც მივიდნენ ადგილზე და ამ ხაზზე სასმელი წყლის კერძო ხაზი გადაკეტეს. “მილი ძალიან ძველია და ამიტომ ჟონავდა წყალი. ამ ხაზით მხოლოდ ერთი ოჯახი სარგებლობს, თუმცა აღსანისნავია ისიც, რომ ისინი მეორე, ცენტრალური ხაზითაც სარგებლობენ. ამიტომ ჩვენ გადავკეტეთ წყალი , რომელიც ავარიულ, კერძო ხაზით მიედინებოდა.” – ამბობს არზუნ გოროიანი.

დღეს რადიო NOR-ის გუნდი კვლავ იმყოფებოდა ჩარენცის ქუჩაზე, სადაც იგივე, მჟონავი წყლით დატბორილი ნაკვეთი დაგვხვდა.

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებსა და ამ ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საუბრისას გაირკვა, რომ კომპანია მართლაც იყო ადგილზე მისული და პრობლემა გადაუჭრია. როგორც აღმოჩნდა, წყლის კვლავ გაჟონვის მიზეზი ისაა, რომ ოჯახმა, რომელიც ამ ხაზით სარგებლობს ისევ მოუშვა წყალი.

“ჩვენ მთელი ზამთარი ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქალაქში ყველას მივაწოდოთ სასმელი წყალი. ასე არ შეიძლება, მით უმეტეს თუ კერძო ხაზია. ისინი სარგებლობენ ცენტრალური ხაზითაც. ერთ-ერთი მაინც უნდა გადაიკეტოს. მათ საკუთრებაში არსებული წყლის ხაზის მილები დაზიანებულია და ამიტომ ჟონავს. ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა ვერაფერს გავაკეთებთ, რადგან ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ოჯახმა საკუთარი სახსრებით უნდა აღადგინოს მილი, თუ უნდა, რომ აქედან მიეწოდოს წყალი. სხვა შემთხვევაში ცენტრალური სისტემით უნდა ისარგებლოს, რადგან ორი ხაზის ერთდროულად გამოყენება არ შეიძლება,” – ამბობს კომპანიის თანამშრომელი.

წყლის ხელახლა მოშვების მიზეზად ოჯახი იმას ასახელებს, რომ ცენტრალურ წყალსადენ მილებში წყალი გაყინულია და ვერ სარგებლობენ. “სხვაგვარად წყალი სახლამდე ვერ აღწევს. ისეთი სიტუაციაა, რომ შესაძლებლობაც არ არის იმისა, რომ შევაკეთოთ დაზიანებული მილი. რა ვქნა არ ვიცი…”, – ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

დეტალები ჩვენს აუდიო მასალაში.

Radio NOR · Вода на улице Чаренца