ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში იზრდება?

ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში იზრდება?

ნინოწმინდელი ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენის პროცესით სულ უფრო და უფრო მეტად იწყებენ დაინტერესებას. მაგრამა მიუხედავად ამისა, რჩება ადამიანთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, ვინც ამ შესაძლებლობას არ იყენებს. ისინი მთავარ მიზეზად ასახელებენ ინფორმაციის ნაკლებობას.

ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი იდეები, პროექტები შესთავაზონ ადგილობრივ თვითმმართველობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ვესაუბრეთ ერიკნაზ მარკარიანს, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების აქტიურ მონაწილეს. როგორც ახალგაზრდა გოგონა გვიყვება, მას არც კი გაუგია, რომ შეუძლია მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

“საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა ახალგაზრდებთან: საინფორმაციო კამპანიების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, რომლების საშუალებითაც ახალგაზრდები ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ უფრო მეტს გაიგებენ. ეცოდინებათ როგორ წარადგინონ თავიანთი იდეები და პროექტები, ასევე რა სარგებელი და უპირატესობა შეუძლიათ მიიღონ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობით. ასევე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე უკუკავშირის მექანიზმების შექმნა, რათა ახალგაზრდებმა იგრძნონ, რომ მათი წინადადებები განიხილება“, – ამბობს ერიკნაზი.

მოქალაქეების დიდ ნაწილს არ აქვს იმედი, რომ მათი მოსაზრებები და იდეები იქნება გათვალისწინებული და დარწმუნებულნი, რომ გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია მათი მონაწილეობის გარეშეც. ეს ახალგაზრდების ბიუჯეტის დაგეგმვაში აქტიური ჩართვისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში წვლილის შეტანის მხრივ ბარიერებს ქმნის.

ლილით კარაპეტიანი არის აქტივისტი, რომელიც ამჟამად მუშაობს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრში პროექტის კოორდინატორად. ამ ორგანიზაციის პროექტის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების ადვოკატირება. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლილითი ერთვება ბიუჯეტის შედგენის პროცესში.

ლილითი სოფელ ფოკადანაა. ამბობს, რომ სოფელში არის სამლოცველო, რომლის ქუჩა არ იყო განათებული. მან დაწერა განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერეს თანასოფლელებმა და წარადგინეს მერიაში, რის შემდეგაც ქუჩაში ღამის განათება მოეწყო. „ვფიქრობ, წინა წლებთან შედარებით, ახლა ახალგაზრდების ჩართულობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მაგრამ როდესაც ახალგაზრდები (სტუდენტებისთვის სტიპენდიების მაგალითზე) დაინახავენ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია, ისინი კიდევ უფრო დაინტერესდებიან მუნიციპალური პროცესებით და მათი ნდობაც ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ გაიზრდება“, – ამბობს ის.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ საინფორმაციო კამპანიებს და ტრენინგებს, სადაც საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში.

ასევე ვესაუბრეთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ვაჰან აროიანსაც, რომელმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ახალგაზრდების აქტიურობა იზრდება. მან ისაუბრა იმაზე, რომ ახლა მიმდინარეობს შეხვედრები ნინოწმინდის სოფლების ახალგაზრდებთან. პირველი შეხვედრა დიდი გონდრიოს სოფლის თემის ახალგაზრდებთან გაიმართა.

„ამ შეხვედრების მიზანია ახალგაზრდების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა. ჩვენ არ ვამზადებთ კონკრეტულ კითხვებს, უბრალოდ ვესაუბრებით მათ, რაც ქმნის მეგობრულ და თბილ ატმოსფეროს. შედეგად, მათ შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი სურვილები და ჩვენ მათ იდეებს ვინიშნავთ, რათა მომავალში გავითვალისწინოთ პრიორიტეტების და/ან ბიუჯეტის დაგეგმვისას“, – ამბობს ის.

დეტალები აუდიო მასალაში.

Radio NOR · რამდენად არიან ადგილობრივი ახალგაზრდები ჩართული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში?

ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა წარმოადგენს ნინოწმინდის განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ძირითად ელემენტს. უნდობლობისა და დაბალი აქტივობის პრობლემების გადაჭრა მუნიციპალიტეტის, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. მხოლოდ ღია დიალოგის, გამჭვირვალობის და თითოეული მოქალაქის აზრის გათვალისწინებით შეიძლება შეიქმნას ხელსაყრელი გარემო, სადაც ახალგაზრდების ინიციატივას მიესალმებიან და წარმატებით განახორციელებენ.