რატომ არ არის საკმარისი რესურსი ნინოწმინდაში სპორტის განვითარებისთვის?

რატომ არ არის საკმარისი რესურსი ნინოწმინდაში სპორტის განვითარებისთვის?

საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ნინოწმინდაში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ცხოვრობენ და ვარჯიშობენ სპორტის ნამდვილი გმირები: მათ შორის – კიკ-ბოქსინგის მწვრთნელი, სერგეი ტონაკანიანი, რომელსაც ახალგაზრდა მებრძოლები სოფელ სათხესა და დიდი არაქლიდან საერთაშორისო დონეზე გაჰყავს კარატისტი კიმა ნორსოიანი, რომელიც შავი ქამრის აღებასა და საკუთარი სპორტული კლუბის გახსნაზე ოცნებობს.

ნინოწმინდელია 9 წლის მოკრივე, არშალუის ბორბორიანიც. იგი ევროპაში თავისი პირველი შეჯიბრისთვის ემზადება და იმედი აქვს, რომ სახლში გამარჯვებული დაბრუნდება. ქალაქში ამ სპორტსმენებს თითქმის ყველა იცნობს და გულშემატკივრობს, მათი წარმატების შესახებაც ყველამ იცის, თუმცა გზა აღიარებისკენ არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გამოცდილება და დაბრკოლებები

კიმა ნორსოიანმა სპორტული კარიერა 8 წლიდან დაიწყო და ამ დროის განმავლობაში ბევრს მიაღწია. 11 წლის ასაკში კიმა პოლონეთში ჩავიდა შეჯიბრებაზე, საიდანაც ვერცხლის მედლით დაბრუნდა. იმ დროს, 2016 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო მიმოსვლა არ იყო. კიმას ოჯახი საბუთების გაფორმების პრობლემების წინაშე დადგა.

ყველა ფინანსური ხარჯი ნორსოიანების ოჯახს დააწვა მხრებზე, რადგან სახელმწიფომ მგზავრობა არ დააფინანსა. ამავე წელს ფინანსური ხარჯებისა და ვიზის აღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტურნირზე საქართველოდან მხოლოდ ექსვმა სპორტსმენმა შეძლო წასვლა.

„ყველა პრობლემის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვიბრძოდით გამარჯვებისთვის“, – იხსენებს ახალგაზრდა სპორტსმენი.

კიმა ნინოწმინდაში, პრაქტიკულად, ერთადერთი კარატისტი გოგოა, რის გამოც ხშირად აწყდება გენდერულ სტერეოტიპებს. ის გვიამბობს, რომ ევროპაში ჩასვლის დროს ბევრი ქალი სპორტსმენი დაინახა, – „ყოველთვის ვოცნებობდი, რომ იგივე ყოფილიყო ჩვენს ქალაქშიც. ნინოწმინდაში ბევრი ამბობს, რომ სპორტი ქალის საქმე არ არის, რომ გოგონა უნდა იყოს ნაზი, სპორტი კი მას უხეშსა და აგრესიულს ხდის“.

კიმა ამ სტერეოტიპს ამსხვრევს. იგი მტკიცედ მიიწევს წინ საკუთარი მიზნებისკენ და ამტკიცებს, რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ადამიანს უნდა და შეუძლია საყვარელი საქმის კეთება.

ახლა ის უკვე 18 წლისაა, სკოლას ამთავრებს და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება, პარალელურად კი აგრძელებს სპორტულ კარიერას. კიმას არ უნდა, რომ საქართველოთი შემოიფარგლოს. სურს დაიპყროს მსოფლიო და კარატეში ნანატრი შავი ქამრის მიღების შემდეგ დაბრუნდეს, გახსნას საკუთარი კარატე-კლუბი გოგონებისთვის და გადასცეს მათ საკუთარი ცოდნა.

Radio NOR · Кима Норсоян про свою спортивную карьеру, стереотипы и трудности

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში არ არის შესაბამისი პირობები სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. ზოგიერთ სოფელში სპორტული დარბაზი საერთოდ არ აქვთ, ზოგან კი, სადაც აქვთ, არც გათბობაა და არც აღჭურვილობა.

ახლა მუნიციპალიტეტში რამდენიმე სპორტული კლუბი მოქმედებს, მათ შორის კარატეს, კიკბოქსინგის, ფეხბურთის… მათი უმეტესობა კერძოა. ტრენერები იღებენ ყოველთვიურ გადასახადს სტუდენტებისგან, თუმცა საკმარისი თანხა არასდროს აქვთ საიმისოდ, რომ საკუთარი შენობა ჰქონდეთ, ამიტომ ფართს მათთვის მერია გამოყოფს, მწვრთნელები კი იხდიან გადასახდს, რომელიც შემდეგ ადგილობრივ ბიუჯეტში ხვდება.

სერგეი ტონაკანიანი კიკბოქსინგის გამოცდილი მწვრთნელია, რომელიც 5 წელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბავშვებს ასწავლის. მუშაობს დიდი არაქალისა და სათხის ბავშვებთან, მანამდე კი 15 წელი სხვა სოფლებში იყო ტრენერი. მან სპორტული კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო კიოკუშინ კარატეთი და მიიღო ყავისფერი ქამარი . მოგვიანებით თანდათან გადაერთო კიკბოქსინგზე და დაიწყო ახალგაზრდა სპორტსმენების გადამზადება.

ტონაკანიანს მრავალჯერ გაუყვანია თავისი მოსწავლეები ევროპის რინგებზე, საიდანაც არაერთი გამარჯვებით დაბრუნებულან, თუმცა, ამბობს, რომ სპორტსმენები ფინანსური ხარჯების პრობლემების წინაშე ხშირად დგანან. არიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ხანდახან აფინანსებენ ახალგაზრდებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მძიმე ტვირთი მშობლებს აწვება. ტონაკანიანი ამბობს, რომ ევროპული გამოცდილება მისთვის საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა და რომ ის მეთოდები, რომლებსაც ევროპულ ქვეყნებში იყენებენ აქაც უნდა დანერგდეს.

ახალგაზრდა მოკრივე, არშალუის ბორბორიანი სოფელ სათხედან 4 მაისს ევროპაში ჩემპიონატზე წასასვლელად ემზადება. ეს, სომხეთის ტურნირის შემდეგ, მისი მეორე გამოსვლა იქნება საზღვარგარეთ. არშალუისი სავსეა მოტივაციით. ის სერგეი ტონაკანიანთან ერთად აგრძელებს ვარჯიშს და იმედოვნებს, რომ კარგ შედეგს ევროპაშიც მიაღწევს.

ნინოწმინდის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ „ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება მხოლოდ იმ სპორტსმენების ტრანსპორტირების ხარჯები, რომლებიც მერიის სპორტსკოლის მოსწავლეები ან მწვრთნელები არიან“. ხოლო საქართველოს სპორტის ფედერაცია აფინანსებს სპორტსმენების საზღვარგარეთ მოგზაურობას.

რაც შეეხება სპორტისთვის შესაბამის პირობებს, ბოლო წლებში ნინოწმინდაში აქტიურად შენდება სპორტული დარბაზები და სტადიონები. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, გათბობის, აღჭურვილობის, ფინანსური ხარჯების, ტრენერების სახით კადრების ნაკლებობის გამო. ძველი სტადიონები იშლება, მაგრამ ყოველწლიურად რემონტდება. 2023 წლისთვის კი იგეგმება სტადიონების მშენებლობა სოფლებში პატარა გონდრიო, სპასოვკა და დილიფში, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი.

სოფელ პატარა გონდრიოს სტადიონი
სოფელ განძის სპორტული დარბაზი
მინი-სტადიონი ნინოწმინდაში