ევროპული გრანტების წყალობით ნინოწმინდაში ფართოვდება მოსახლეობის საქმიანობის სფეროები

ევროპული გრანტების წყალობით ნინოწმინდაში ფართოვდება მოსახლეობის საქმიანობის სფეროები

მრავალი ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის გრანტები დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. გრანტი – უსასყიდლოდ გადაცემული ნებისმიერი ფასეულობა ან ბიუჯეტის შემოსავლების შევსების ერთ-ერთი წყაროა, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას. იგი უზრუნველყოფილია მთავრობების, ფონდების, კორპორაციების ან სხვა ინსტიტუტების მიერ კონკრეტული პროექტის ან პროგრამის მხარდასაჭერად.

ზოგადად, გრანტები ეხმარება ინდივიდებსა და ორგანიზაციებს მიზნების მიღწევაში, ცოდნის შეძენასა და სოციალური პრობლემების გადაჭრაში.

ნინოწმინდასა და ახალქალაქში ამგვარი დაფინანსების შედეგად გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი “ნაბიჯები”, აუტისტური სპექტრისა და სხვადასხვა პრობლემის მქონე ბავშვების დასახმარებლად. ცენტრი დაარსდა ევროკავშირისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით, სვეტა სერობიანისა და მისი მეუღლის ინიციატივით.

როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ნეიროგანვითარებითი დაავადებების შემთხვევები აღარაა იშვიათი. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-60 ბავშვი ამგვარი დარღვევით იბადება. ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული მენტალიტეტისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მცხოვრებლებს ხშირად უჭირთ იმის აღიარება, რომ მათ შვილს პრობლემა აქვს. ურჩევნიათ არ შენიშნონ დარღვევები, ან ამჩნევენ, მაგრამ ცდილობენ დამალონ ბავშვები მეზობლებისა და ნაცნობების ცნობისმოყვარე თვალებისგან.

ამიერიდან კი, მშობლებს, რომლებიც შვილების განვითარების პრობლემებს ამჩნევენ, შეუძლიათ მიმართონ ცენტრს “ნაბიჯები”, სადაც ბავშვები მიიღებენ ფსიქოლოგისა და ლოგოპედის დახმარებას.

ცენტრის გახსნის, მნიშვნელობის, არსებული პრობლემებისა და მიღწეული შედეგების შესახებ სვეტა სერობიანი (დამფუძნებელი) საუბრობს.

Radio NOR · Եվրոպական դրամաշնորհների շնորհիվ Նինոծմինդայում ընդլայնվում են բնակիչների գործունեության ոլորտները

გავესაუბრეთ ასევე ნაირა ჰოვჰანისიანს, რომელმაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში ქაღალდის ხელსახოცების პირველი სოციალური საწარმო შექმნა, სადაც აწარმოებს ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდს, სამზარეულოს ქაღალდს, კოსმეტიკურ და ესთეტიკურ ხელსახოცებს.

ნაირა იმ ქალთაგანია, რომელმაც გაბედა ისეთი ბიზნესის ნულიდან წამოწყება, რომელსაც არა მხოლოდ შემოსავალი მოაქვს, არამედ სოფელში იმ ქალების დასაქმებას უწყობს ხელს, რომლებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება და სამსახურის პოვნის შესაძლებლობა.

ხელსახოცების წარმოება “თრფანჯიანის” სოფლის თემის განვითარების პროგრამისა და ნაირას ოჯახის თანადაფინანსებით დაიწყო.

ბიზნესი გაიზარდა, მაგრამ Covid-19-ის პანდემიამ პრობლემები შექმნა.

2021 წელს ნაირამ CENN-ის მიერ გამოცხადებულ სოციალური და მწვანე მეწარმეობის განვითარების საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

თავდაპირველად, შტრიხკოდის არქონის გამო, სუპერმარკეტებმა პროდუქცია არ მიიღეს. მაგრამ CENN-ის დაფინანსებით ბიზნესმა შეიძინა შტრიხკოდი და ახლა დიდ ქალაქებსა და ბაზარზე მოხვედრას ცდილობენ. ამჟამად პროდუქცია იფუთება და იყიდება ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მაღაზიებში. როგორც ქალს, ნაირას გენდერული სტერეოტიპებისა და განკიცხვის პრობლემა არ ჰქონია. ქმარი ყოველთვის მხარში ედგა და ყველაფერში ეხმარებოდა. – “ჩემს გარემოცვაში ყოველთვის მისასალმებელი იყო ის, რომ ახალგაზრდა ქალს საკუთარი ბიზნესი აქვს”, – ამბობს ნაირა.

საწარმოს გააჩნია სოციალური მისია, რომელიც გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობასა და ნარჩენების მდგრად მართვას. ამჟამად აქ 5 ქალი მუშაობს. ეს ის ქალებია, რომლებსაც არ აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება, ვერ პოულობენ სამსახურს და არ უნდათ სოფლის მეურნეობაში მუშაობა.