ევროპის დღეები – რა ღონისძიებები ტარდება ნინოწმინდაში?

ევროპის დღეები – რა ღონისძიებები ტარდება ნინოწმინდაში?

მთელ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 6-20 მაისს ევროპის დღეები იმართება. 2023 წელს ეს დღეები უკვე მეთერტმეტედ აღინიშნება.

გუშინ, 8 მაისს, ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა, თეონა ზურაბაშვილმა, ახალგაზრდებს გააცნო ევროკავშირის ისტორია და მიზნები. მან ასევე ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობაზე, საერთო ფასეულობებზე და იმაზე, თუ რატომ სურს საქართველოს ევროკავშირში შესვლა.

ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებით, ადგილზე არსებული გამოწვევებით, რომელიც ევროინტეგრაციას აფერხებს, განიხილეს მითები და გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირის შესახებ.

როგორც ზურაბაშვილმა გვაცნობა, ევროპის დღეების ფარგლებში ტარდება კონკურსები და ღონისძიებები სტუდენტებისთვის, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მასწავლებლებისა და სხვ.

– “ახლა გვაქვს გამოცხადებული ფოტოკონკურსი „მე ვხედავ ევროპას“, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე არის გამოცხადებული რეგისტრაცია სემინარზე „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“. სემინარის მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და ევროპული ფასეულობების შესახებ პედაგოგების ცნობიერების ამაღლება და კომპეტენციის გაზრდა. ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს”, – განმარტავს ის.

Radio NOR · საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ

ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად აღინიშნება.

ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა, რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია. ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა – გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები.

შედეგად, 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო – ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები.

ევროკავშირი დღეისათვის 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის.