საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 1 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, ამ რეფორმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რეესტრის წარმომადგენელსა და ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მაისის ბოლოს ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას, სათხის სოფლის თემიდან (ოროჯალარი, პატარა არაგიალი, დიდი არაგიალი, სათხა) და ჯიგრაშენის სოფლის თემიდან (ჯიგრაშენი, ხორენია). ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებს ამ პროგრამით სარგებლობა 2023 და 2024 წლიდან შეეძლებათ.
როგორც საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა – მაკა პეტრენკომ განაცხადა, სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ყველა მიწის ნაკვეთის აზომვა მოხდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე სხვა ტიპის მიწებიც აიზომება. სააგენტოს თანამშრომლები თვითონ ჩამოვლენ და კარდაკარის პრინციპით შეაგროვებენ ინფორმაციას და განახორციელებენ სამუშაოებს. ყველა ეს სერვისი უსასყიდლო იქნება.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო/საგეგმო სამუშაოები, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, ნოტარიუსის ჩართულობა, ფაქტების დაფიქსირება, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, მიწის საკუთრებისა და ცვლილებების რეგისტრაცია.
არ არის აუცილებელი, რომ მოსახლეობამ თავად შეიტანოს განაცხადი რეესტრში, მუშები თვითონ დაუკავშირდებიან მათ და შეაგროვებენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. ადამიანმა უბრალოდ კონკრეტულად უნდა მიუთითოს მიწის საზღვრები. ამის შემდეგ კი ერთ თვეში მიიღებენ საკუთარ მიწას.
უფრო დაწვრილებით ამის შესახებ საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა – მაკა პეტრენკომ გვიამბო.