ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხულგუმოს (ტამბოვკა) მოსახლეობა ჩივის, რომ კახეთიდან ცხვარი ყოველწლიურად მათი სოფლის გავლით გადაჰყავთ და ყოველ ჯერზე ტრანსპორტირებისას სოფელში სხვადასხვა პრობლემა ჩნდება.
„დღეში საშუალოდ 2000-დან 4000 ცხვრის 3-4 ფარა გადის, რის შემდეგაც სახნავი მიწა, რომელიც კერძო საკუთრებაა, გამოუსადეგარი ხდება. ჩვენი მიწები ფუჭდება, ცხვრები იძოვებიან, ჩვენ კი ფული დავხარჯეთ, მიწებზე დავთესეთ. მაღალმთიან რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც რვა თვე ზამთარია, მეცხოველეობით ვართ დაკავებული. მეორე პრობლემა ის არის, რომ გადაზიდვა ხდება სოფლის გავლით, მტვერი მატულობს, სუნთქვა და გარეთ გასვლა შეუძლებელი ხდება, ძაღლები კი ხალხს ესხმიან თავს. ორი წლის წინ ძაღლმა მასწავლებელს უკბინა. რა ვქნათ?“ – ჩივის სოფლის მოსახლეობა.
კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობა სახლებსა და ეზოებს ვერ აფორმებენ საკუთარ სახელებზე, რადგან ცხვრის გადაადგილების მარშრუტი სოფლის მოსახლეობის სახლებსა და ეზოებშია გავლებული.
როგორც ხალხი აღნიშნავს, ცხვრის გადაადგილების ოფიციალური მარშრუტი სოფლის გავლით არის მიმართული, მარშრუტის ნაწილი კი გადის ეზოებსა და სახლებში. იმის გამო, რომ ნახატი არასწორად არის შესრულებული, მოსახლეობა სახლებსა და ეზოებს ვერ აფორმებს თავის სახელზე.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად სოფლის მოსახლეობა მარშრუტის შეცვლას და ცხვრის სხვა გზაზე გადამისამართებას გვთავაზობს, რომელიც საძოვრებსა და სოფელს არ დააზარალებს.
როგორც აღნიშნავს გელა კევლიშვლი – ფერმერი, საგარაჯოს რაიონიდან, ის უკვე 15 წელზე მეტია, რაც ცხვრის ფარას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების გავლით ატარებს. “ჩვენთვისაც ძალიან რთულია. ჩვენც არ ვიცით რა ვქნათ, გვჭირდება საგზაო ნიშნები და კონკრეტულად მონიშნული მარშრუტი. ჩვენც არ მოგვწონს სოფლებიდან გავლა, მაგრამ რა ვქნათ, თუ მარშრუტია ასეთი. სხვა მარშრუტი მოგვცენ და ჩვენ მას გავყვებით.”
სოფლის მერიის უფლებამოსილი წარმომადგენლის, მასის აღაიანის თქმით, მოსახლეობის მოთხოვნა გამართლებულია.
ყოველ გაზაფხულზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საზაფხულო საძოვრებზე კახეთიდან 280 000-მდე ცხვარი გაჰყავთ. პროცესი ჩვეულებრივ სამ კვირამდე გრძელდება. კახეთში ცხვრის საზაფხულო საძოვრებზე გადაყვანის სეზონი მაისიდან დაიწყო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიწების სისტემური რეგისტრაცია იწყება