ნინოწმინდის ცენტრალური ბიბლიოთეკა უკვე მრავალი წელია, რაც თავის მკითხველებს ემსახურება. ბიბლიოთეკა დაარსდა 1930-იან წლებში, როგორც სამკითხველო. აქ ხალხი იკრიბებოდა, კითხულობდა და თანდათან ეს ადგილი ბიბლიოთეკად გადაიქცა.
ამ დროისთვის სოფლებში ფუნქციონირებს ნინოწმინდის ცენტრალური ბიბლიოთეკის 13 ფილიალიც. სსრკ-ს დაშლამდე ბიბლიოთეკა წიგნებს იღებდა რუსეთიდან, სომხეთიდან, საქართველოს ქალაქებიდან. „წიგნების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ძლივს ვასწრებდით მათ დალაგებასა და სოფლებში გაგზავნას. ბიბლიოთეკა იღებდა მრავალი ჟანრის წიგნებს, ისტორიულიდან მხატვრულ ლიტერატურამდე. ბიბლიოთეკა უამრავ მომხმარებელს ემსახურებოდა ასაკის მიუხედავად“, – ამბობს ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ცოღიკ ისპირიანი.
დღეს ბიბლიოთეკა მძიმე პერიოდს განიცდის. ბევრი ძველი წიგნი დახეული ან უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია, სომხურ ენაზე კი ახალი ეგზემპლარი არ მიიღება. ბიბლიოთეკის დირექტორის თქმით, ახლა წიგნები მხოლოდ თბილისიდან მოაქვთ. ისინი იღებენ წიგნების ვაუჩერს, რომლითაც ყიდულობენ მათ გამოფენებზე. ადრე ყველა ასაკის ხალხი დადიოდა. ახლა ზრდასრული თაობა ძირითადად სომხურ ან რუსულ წიგნებს კითხულობს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ წიგნებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სკოლებში ქართული ენისადმი ინტერესი გაიზარდა.
ნინოწმინდაში ბევრია ბიბლიოთეკის მონახულების მსურველი, თუმცა იმის გამო, რომ არ არის შესაბამისი წიგნები, რომლებიც სტუდენტებს ან მოსწავლეებს სჭირდებათ, მკითხველთა რაოდენობა მცირდება.
ჰერიკნაზ მარკარიანი ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანია, ვისაც სურს, ადგილობრივ ბიბლიოთეკას ჰქონდეს წიგნები, რაც სტუდენტებს სჭირდებათ.
ნინოწმინდის ბაზარი ცარიელ უსარგებლო შენობადაა გადაქცეული