კონფლიქტი, რომელიც წლებია არ გვარდება

კონფლიქტი, რომელიც წლებია არ გვარდება

ყოველწლიურად მაისის შუა რიცხვებიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აქტიურად ემზადებიან ცხვრის გადაყვანის ზაფხულის სეზონისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საძოვრებზე, საიდანაც შემოდგომაზე ისევ უკან ბრუნდებიან. გადაყვანის პროცესი ჩვეულებრივ დაახლოებით ერთი თვე გრძელდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ყოველწლიურად კახეთის, მარნეულის, საგარეჯოს, გარდაბნისა და სხვა რაიონებიდან ცხვრები ნინოწმინდის სოფლებში გადმოყჰავთ და ამის გამო ყოველ ჯერზე სხვადასხვა პრობლემა ჩნდება.

ზემოთაღნიშნულ პრობლემას ნინოწმნდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი აწყდება, მათ შორის ძირითადად სოფელ ახალი ხულგუმოს (ტამბოვკა) მოსახლეობა.

ცხვრების გადაყვანის პროცესი სოფელ ახალ ხულგუმოში

“დღიურად საშუალოდ 2000-4000 ცხვრისგან შედგენილი 3-4 ფარა გადის, რის შემდეგაც საკუთრებაში არსებული სახნავი მიწები გამოუსადეგარი ხდება. გადაყვანის დროს ცხვარი ძოვს მდელოებზე და აზიანებს ჩვენს მიწებს, რისთვისაც დავხარჯეთ ფული მოსახნავად და დასათესად. ჩვენ მაღალმთიან რეგიონში ვცხოვრობთ და შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. ცხვრის გადაყვანა სოფლის შიგნიდან ხდება, მტვერი მატულობს, სუნთქვა და ქუჩაში გასვლა შეუძლებელი ხდება, ძაღლები კი ხალხს თავს ესხმიან და კბენენ“, – ჩივის სოფლის მოსახლეობა.

სოფელ ახალ ხულგუმოში გამავალი ცხვრის ფარა და ძაღლები

მოსახლეობის თქმით, ცხვრის კანონით განსაზღვრული მარშრუტი სოფელში გადის, მარშრუტის ნაწილი გადის მაცხოვრებლების ეზოებშიც, მიმდებარე ტერიტორიებსა და სახლებში. პრობლემის გადასაჭრელად სოფელ ახალი ხულგუმოს მკვიდრნი მარშრუტის შეცვლას, ცხვრის სხვა გზით გადაყვანას გვთავაზობენ, რომელიც საძოვრებს და სოფელს არ დააზარალებს.

ს. ახალი ხულგუმო
კანონით განსაზღვრული მარშრუტი ცხვრის ფარისთვის, რომელიც გადის საცხოვრებელ სახლებთან

ფერმერი საგარეჯოდან გელა კევლიშვილი ამბობს: „ამ გზას 15 წელზე მეტია გავდივართ. ასევე ძალიან არ გვსიამოვნებს სოფლების შიგნიდან გავლა. არ ვიცით რა ვქნათ, გვჭირდება ნიშნები და მკაფიოდ მონიშნული გზა ნორმალური მარშრუტით. სხვა მარშრუტი მოგვცენ და ჩვენც ამ გზით გავივლით“.

ჩვენთან საუბარში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის წარმომადგენელმა მასის აღაიანმა განაცხადა. „მოსახლეობა სიმართლეს ამბობს, როდესაც მარშრუტის შეცვლასა და, ცხვრის სხვა გზით წარმართვას ითხოვს. გასავლელი გზა დაახლოებით 3-4 კმ-ს შეადგენს. ერთი სოფლიდან მეორეში ცხვრის ფარა, ძროხა და უამრავი ძაღლი გადადის, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც სოფელს, ასევე საძოვრებს. არც ეს ხალხია დამნაშავე, რადგან მათი მარშრუტი ასეა შექმნილი. ჩვენ მივმართეთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, მერი და საკერბულოს თავმჯდომარე ამ საკითხზე საქმის კურსში არიან, სამინისტროს წერილი გაუგზავნეს საკითხის მოსაგვარებლად და ახლა პროცესი მიმდინარეობს, ველოდებით გადაწყვეტილებას“.

დეტალურად აუდიო ჩანაწერში

Radio NOR · Ոչխարների տեղաշարժը Նինոծմինդայի մունիցիպալիտետի գյուղերով եւ բնակիչների դժգոհությունը

იგივე პრობლემა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაშია, სადაც საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულია. წლების წინ სოფელ ეშტიაში ცხვრის ფარა გადიოდა. 3 კმ-ის გავლის შემდეგ მეზობელ სოფელ ყაურმაში გადიოდა. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ცხვრის ფარას მარშრუტი შეეცვალა, ახლა სოფელ ეშტიის გვერდის ავლით კვეთს ქაღონ წოდებულ მთას.

ცხვრის ფარა სოფელ ეშტიაში

მაგრამ ამ ახალმა გზამ სოფელ ყაურმის მოსახლეობას პრობლემა არ მოუგვარა. ცხვრის ფარა სოფელ ყაურმის საძოვრებზე გადადის, სწორედ იმ ნაწილში, სადაც სოფელ ყაურმას ცხოველები ძოვენ.

სოფელ ყაურმის მოსახლეობის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარშრუტის შეცვლას, სოფელ ეშტიის ტყესთან ცხვრის სხვა გზაზე გადაყვანას ვარაუდობენ, რაც საძოვრებს არ დააზარალებს.

ეშტიის სასოფლო თემის წარმომადგენელი ეგორ ქოთოიანის თქმით, ცხვრის ფარა უჩმანა-ეშტია-ყაურმა მარშრუტით გადის.

უჩმანა-ეშტა-ყაურმა
ცხვრის ფარისთვის განკუთვნილი მარშრუტი

„ამ მარშრუტის გადაკვეთისას, მათთვის გამოყოფილი 100 მეტრი სიგანის ნაცვლად, 300 ან 400 მეტრი სიგანის ტერიტორიაზე ძოვენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საძოვრებს აზიანებს. სოფელ ყაურმის, ეშტიისა და უჩმანის მოსახლეობასთან ერთად ნინოწმინდის მერიაში განაცხადი შევიტანეთ ამის თაობაზე. მერიამ კი თავის მხრივ შესაბამის ორგანოებს მიმართა, რათა გამოყონ საგზაო ნიშნები და რუკები, რომ ცხვრის ფარამ განკუთვნილ ტერიტორიაზე იმოძრაოს და არ დააზიანოს მიმდებარე საძოვრები”, – ამბობს ეგორ ქოთოიანი.

ამგვარად, მართალია, პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯები იდგმება, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი თუ როგორ და რა დროში გადაიჭრება ის.

იხილეთ ასევე: