სომხური საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები ჯავახეთის სტუდენტებისთვის

სომხური საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები ჯავახეთის სტუდენტებისთვის

სომხური საგანმანათლებლო ფონდი (AEF) უკვე 4 წელია, რაც საქართველოში მცხოვრები სომეხი სტუდენტებისთვის სტიპენდიებს გასცემს. პირველი ორი წლის მანძილზე სამიზნე რეგიონს ჯავახეთი წარმოადგენდა, თუმცა ახლა ფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით აფინანსებს ეთნიკურად სომეხ სტუდენტებს.

ამჟამად ფონდი უკვე 120-ზე მეტ სტუდენტს აფინანსებს. წლიური დაფინანსება თითოეული სტუდენტისთვის 2250 ლარს შეადგენს. წელს განაცხადი 350-ზე მეტ სტუდენტს ჰქონდა შეტანილი, თუმცა გასაუბრების ეტაპამდე აქედან 61 სტუდენტი გადავიდა. გასაუბრების შემდეგ კი ცნობილი იქნება, თუ ვინ დაფინანსდება წელს. “მართალია, ყველას უნდა სტიპენდიის აღება, რადგან ბევრს აქვს ფინანსური თუ სოციალური პრობლემები, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის კონკურსი და ყველა ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე.” – ამბობს ჰმაიაკ გრიგორიანი, სომხური საგანმანათლებლო ფონდის ჯავახეთის ფილიალის დირექტორი.

დაფინანსების პროგრამის გარდა ფონდს აქვს თემის დახმარების პროგრამებიც, რომლის ფარგლებშიც ისინი სკოლებში 1-6 კლასებში არიგებენ სასკოლო ნივთებს, ჩანთებსა და სხვა კანცელარიას. სტუდენტი ბენეფიციარები კი თავის მხრივ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და ამ ნივთებს არიგებენ. “ამგვარად ჩვენ ნაწილობრივ ვეხმარებით სოფლის მოსახლეობას სასკოლო ხარჯების შემცირებაში. ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი სტუდენტი და მოსწავლე ჩაგვერთო პროგრამაში, რათა მომავალში ჩვენი რეგიონიც განვითარდეს და ადგილზე გვყავდეს სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. თუმცა, სამწუხაროდ აშშ-ში ბევრმა არ იცის საქართველოს, მით უმეტეს ჯავახეთის შესახებ და ცოტა გვირთულდება დონორების მოძიება. სწორედ ამ მიზეზით ჩვენ წლიურად 25-30 სტუდენტზე მეტს ვერ ვაფინანსებთ.” – ამბობს ჰმაიაკ გრიგორიანი.

დაფინანსების მისაღებად საჭიროა განაცხადის შევსება ფონდის ვებ-გვერდზე და სამი საკონკურსო ეტაპის გავლა. სტიპენდიის აღების შემდეგ კი ბენეფიციარებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ. ისეთი, როგორიცაა მაგალითად, მოხალისეობრივი საქმიანობის 120 საათი, სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტში მათი საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 71 ქულას და ა.შ.

უფრო დეტალურად გასავლელი ეტაპებისა და პირობების შესახებ ჰმაიაკ გრიგორიანი ყვება.

Radio NOR · Стипендии для студентов от Армянского образовательного фонда

იხილეთ ასევე: