უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შეძლებენ პენსიის აღებას

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შეძლებენ პენსიის აღებას

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პენსიის აღება შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ მუდმივი ცხოვრების უფლება და არიან საპენსიო ასაკის. ეს კანონი ძალაში 2022 წლის მაისში შევიდა.

როგორც ნინოწმინდის სოციალური დაცვის სააგენტოდან შევიტყვეთ, პენსიის აღების უფლება აქვს როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე, ასევე საქართველოში მუდმივი ცხოვრების სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მათ შეუძლიათ აიღონ პენსია, თუ შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ სოციალური დაცვის სააგენტოში. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა, რომლებმაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს მხოლოდ საქართველოს პასპორტი უნდა წარადგინონ. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტი: მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის ოფიციალურად ბინადრობის დოკუმენტი. ამ საბუთის მიღება მას იუსტიციის სახლში შეუძლია და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაენიშნება სახელმწიფო პენსია.

საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელია, ქალებისთვის 60 წელი. მაღალმთიან რაიონებში 70 წლამდე პენსია 312 ლარს შეადგენს, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 360 ლარს.