რა არის ფრილანსინგი და რატომ მისდევენ მას ახალგაზრდები

რა არის ფრილანსინგი და რატომ მისდევენ მას ახალგაზრდები

ნინოწმინდის ახალგაზრდებში თანდათან იზრდება ინტერესი ონლაინ საქმიანობის მიმართ, რომლის ერთ-ერთი შტოც ფრილანსინგია.

რა არის ფრილანსინგი?

ფრილანსინგი არის ფულის გამომუშავების საშუალება, რომელიც სხვადასხვა დამსაქმებელთან თანამშრომლობის საშუალებას იძლევა ნებისმიერ ორგანიზაციაში მუდმივი დასაქმების გარეშე. ფრილანსერი არის თავისუფალი მუშაკი, რომელიც იღებს იმ შეკვეთას, რომელსაც ის თვლის მომგებიანად და აწყობს საკუთარ სამუშაო დროსა და ადგილს. ფრილანსერი ასევე იღებს სრულ პასუხისმგებლობას როგორც შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, ასევე საკუთარ იურიდიულ სტატუსზე. მარტივად რომ ვთქვათ, ვმუშაობ ვისთანაც მინდა, შედეგზე მე თვითონ ვარ პასუხისმგებელი, გადასახადებზეც, დაზღვევაზეც, პენსიებზეც თავად ვიზრუნებ.

ნინოწმინდელი კარენ შაიბეკიანი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც უკვე ერთი წელია ფრილანსერად მუშაობს. მისი თქმით, თავიდან იყო სირთულეები შეკვეთების რაოდენობის მხრივ, მაგრამ დროთა განმავლობაში მან შეძლო პორტფოლიოს (გაწეული სამუშაოს ნიმუშების) შეგროვება, დამსაქმებლების გამოხმაურება და შეკვეთების რაოდენობაც გაიზარდა.

„ფრილანსინგი თანამედროვეობის პროფესიაა. ნინოწმინდაში ჯერ არ არის იმდენად პოპულარული. აქ ხალხი მეტ-ნაკლებად სტაბილურ სამუშაოს ანიჭებს უპირატესობას, საიდანაც ყოველთვიურად გარანტირებულ ფიქსირებულ ხელფასს იღებენ. თუმცა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია იცოდე, რისი კეთება გინდა, სად გინდა მუშაობა და რაც მთავარია, როგორ, სახლში, შენთვის მოსახერხებელ ადგილას და დროს, თუ დილის 9 საათზე სამსახურში წასვლით”, – ამბობს კარენი.

“პერსპექტივა დიდ ქალაქებშია” – ნინოწმინდის ახალგაზრდებს ქალაქის დატოვება უნდათ

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ფრილანსინგს?

ფრილანსინგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, კარენის თქმით, სამუშაო ადგილია. ”ეს შეიძლება იყოს ყველგან, თუნდაც სამზარეულოში სადილისას. გარდა ამისა, მაგალითად მე, თავისუფალი გრაფიკი მაქვს. თვითონ შემიძლია გადავწყვიტო როდის ვიმუშაო და როდის არა. თავისუფალი სამუშაო შეიძლება გავაერთიანო სწავლასთან ან სხვა სამუშაოსთან“. კარენის თქმით, ამ სფეროში ფულის გამომუშავებისთვის საბუთები (სერტიფიკატები, დიპლომები და ა.შ.) არ არის საჭირო, მნიშვნელოვანია მხოლოდ მომხმარებელთა გამოხმაურება.

თუმცა, ყველაფერი არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ჩანს. ასევე არის ფრილანსირების უარყოფითი მხარეები.

  • არ არის ფიქსირებული ხელფასი;
  • არასტაბილური შემოსავალი;
  • ცოცხალი კომუნიკაციის ნაკლებობა;
  • ირღვევა ყოველდღიური რეჟიმი.

”რომ შევაჯამოთ, ფრილანსინგი, რა თქმა უნდა, კარგი ვარიანტია კონკრეტულად ჩემთვის, მაგრამ ის ყველასთვის შესაფერისი არ არის. არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ შეუძლიათ ან არ სურთ ამ ცხოვრების წესზე გადასვლა და უბრალოდ სურთ მიიღონ სტაბილური შემოსავალი და მშვიდად იცხოვრონ“, – ამბობს კარენი.

იხილეთ ასევე: