სხვადასხვა პროდუქტსა თუ სერვისებზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება, პურ-პროდუქტები კი გამონაკლისი არაა.
მას შემდეგ, რაც კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი გაძვირდა, დაიწყო საუბრები პურ-პროდუქტების გაძვირების შესახებაც. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პურ-პროდუქტები გასულ წელთან შედარებით 35% გაძვირებულია. იმის გასაგებად, შეეხო თუ არა ეს ცვლილებები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, ჩვენ ქალაქის ფურნეებში მივედით.
ნინოწმინდაში პურის ფასი ჯერ-ჯერობით უცვლელი რჩება, თუმცა ფურნეების მფლობელები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასმაც შესაძლოა იმატოს. ბუნებრივი აირის გარდა თანდათან ფქვილის ფასიც იზრდება. ნინოწმინდასა და საბითუმო ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილი 90 ლარი ღირს, უმაღლესი ხარისხის კი – 120 ლარი, რაც 10 ლარით მეტია, ვიდრე იყო მაისში.
“თუ ფქვილის ფასები არ დაიკლებს მოგვიწევს პურის გაძვირება” – ამბობს ერთ-ერთი ფურნის მფლობელი.
ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ასევე ბოლო პერიოდში ფქვილის ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც დოლარი გამაგრდა, თუმცა ახლა 1 დოლარი 2.8588 ლარს უტოლდება, მაგრამ ფქვილის ფასი ძვირი რჩება.