26 ივლისს ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების რიგი სოფლები დაისეტყვა. სეტყვა საკმაოდ ძლიერი იყო, რის გამოც სოფლის მოსახლეობამ იზარალა.
სოფელ ჯიგრაშენში, მამწვარაში, ეშტიაში, ყაურმაში, დიდ გონდურასა და ქალაქ ნინოწმინდაში სეტყვის შედეგად დაზიანდა ნათესები, სახურავები და მოსახლეობის მანქანები.
სოფელ ჯიგრაშენში მცხოვრები ვარუჟან ეზეკიანის თქმით, სეტყვა დაახლოებით 16:00 საათზე მოვიდა და დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. მან მთელი სოფლის მოსახლეობას ზიანი მიაყენა, ქერის, ხორბლის, კარტოფილისა და ბოსტნეულის მინდვრები მიწასთან გაასწორა.
„800 ლარი დავხარჯე კარტოფილის მოსაყვანად სასუქების შესაძენად, დაახლოებით 500 ლარი დაიხარჯა თესვაზე, ხვნაზე, მორწყვაზე და სხვა სამუშაოებზე. 1,5 ტონა კარტოფილი 1 500 ლარად ვიყიდეთ, მაგრამ დღეს სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა. ჯერ უცნობია, როგორ გაართმევს თავს ხალხი ზამთარს“, – თქვა ეზეკიანმა.
ამის შესახებ რადიო NOR-ს ერთ-ერთმა მცხოვრებმა აღვან ღაზარიანმა აცნობა: „სეტყვამ ჩვენს სოფელს 90% ზიანი მიაყენა, კარტოფილი, ქერი გაანადგურა. 40 წუთის განმავლობაში სეტყვა თითქმის კვერცხის ზომის იყო და დაახლოებით 100 მანქანა დაამტვრია. არ მქონდა დრო, რომ მანქანა ავტოფარეხში შემეყვანა. ვიმედოვნებთ, რომ რამენაირად დაგვეხმარებიან“.
დაწვრილებით ჩვენს აუდიო რეპორტაჟში.
იხილეთ ასევე: