C ჰეპატიტის ტესტირება ნინოწმინდაში

C ჰეპატიტის ტესტირება ნინოწმინდაში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამით, C ჰეპატიტის გამოკვლევები დაიწყო. გამოკვლევები 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის შორის ტარდება.

სამუშაოს ასრულებენ ადგილობრივი ექიმები და ექთნები, რომლებმაც გამოკვლევების ჩასატარებლად საჭირო სამედიცინო მასალა მიიღეს. უკვე მეხუთე წელია, რაც ნინოწმინდაში C ჰეპატიტის გამოკვლევები ტარდება. ადრე ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ინფექცია რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც ამჟამად თბილისში მკურნალობენ. ტესტები ძვირადღირებულია, თუმცა პროგრამის ფარგლებში სკრინინგი უფასოდ ტარდება. ტესტის ჩასატარებლად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 19 500 ლარია გამოყოფილი.

საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ცნობისთვის:

C ჰეპატიტი – ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთებითი დაავადებაა. ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ჰეპატიტი, რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქი ან გამოიწვიოს მძიმე დაავადება, მათ შორის ციროზი და კიბო.

C ჰეპატიტის ვირუსი არის სისხლით გადამდები ვირუსი. გადაცემის ყველაზე გავრცელებული გზებია:

  • სამედიცინო აღჭურვილობის, კერძოდ შპრიცებისა და ნემსების განმეორებითი გამოყენება ან არასაკმარისი სტერილიზაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
  • შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმა;
  • საინიექციო აღჭურვილობის გაზიარება ნარკოტიკების ინიექციური გამოყენებისას.

მსოფლიოში C ჰეპატიტით დაახლოებით 58 მილიონი ადამიანია დაავადებული, ამასთან ერთად ყოველწლიურად ინფიცირების 1.5 მილიონი ახალი შემთხვევა დასტურდება. C ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი ორი კვირიდან ექვს თვემდე მერყეობს. პირველადი ინფექციების დაახლოებით 80% უსიმპტომოა.

ამჟამად C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტში გრიპის წინააღმდეგ აცრებიც დაიწყო. იცრებიან სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული ავადმყოფები, სკოლის პერსონალი და სხვ. აცრა უფასოა და სავალდებულო არაა.

ამის შესახებ უფრო დეტალურად ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ტიგრან ეღოიანმა ისაუბრა.

Radio NOR · В Ниноцминда проводится тестирование на гепатит С