ნაწილობრივი კოვიდ-შეზღუდვები ნინოწმინდაში

ნაწილობრივი კოვიდ-შეზღუდვები ნინოწმინდაში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. დღეს მუნიციპალიტეტში ვირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ნინოწმინდის ევექსის კლინიკამ საავადმყოფოში ნაწილობრივი შეზღუდვები დააწესა. კლინიკის მენეჯერის, წოვინარ მანველიანის სიტყვებით, ბევრ პაციენტს კოვიდის სიმპტომები აქვს. ინფიცირებულთა შორის არიან როგორც უფროსები, ასევე ბავშვებიც. “ხვალიდან ყველას, ვინც საავადმყოფოში შემოვა, პირბადე უნდა ჰქონდეს გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკაში არ შემოუშვებენ. ასევე მათივე უსაფრთხოებისთვის ვაფრთხილებ, რომ კლინიკაში პაციენტის მოყვანის დროს, მთელ ოჯახთან ერთად არ მოვიდნენ, რათა მასობრივი ინფიცირება თავიდან ავიცილოთ. ადგილები ცოტა გვაქვს და საჭიროა, რომ დროული მკურნალობა ჩავუტაროთ ხალხს.” – ამბობს წოვინარ მანველიანი.

კორონავირუსის სიმპტომებია ტემპერატურა და ყელის ტკივილი. ნინოწმინდის კლინიკის მენეჯერის თქმით კოვიდის განყოფილებაში ამჟამად ერთი ადამიანი მკურნალობს. 15 მარტიდან ნინოწმინდის საავადმყოფოში კოვიდ-ცენტრი დაიხურა და ჰიბრიდული რეჟიმით მოქმედებს. კოვიდით დაავადებულთათვის ცალკე პალატაა გამოყოფილი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაინფიცირდება, ის ცალკე პალატაში გაივლის მკურნალობას. ნინოწმინდის კლინიკაში ასევე შესაძლებელია კოვიდის წინააღმდეგ აცრა.