13 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა, პროექტის “ერთობლივი ბიუჯეტირება მოქალაქეთა ინტერესებისთვის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, მერიაში განაცხადი შეიტანეს, ადგილობრივი სტუდენტებისთვის სტიპენდიის დამტკიცების ინიციატივით 2023 წლის ბიუჯეტში. მუნიციპალიტეტის მერიამ ინიციატივა რამდენიმე კვირა განიხილა, რის შემდეგაც იგი დაამტკიცა. 2023 წელს საქართველოს უნივერსიტეტებში მოსწავლე 15 სტუდენტი სტიპენდიას მიიღებს.
რადიო NOR თვალყურს ადევნებდა პროცესს და გამოავლინა ის ეტაპები, რომლებიც პროექტმა გაიარა.
მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ლევონ ვარდანიანმა გვითხრა, რომ სტიპენდიების გაცემისთვის შეარჩიეს 11 სტუდენტი, თუმცა არის კიდევ 4 ადგილი, ამიტომ მსურველებს შეუძლიათ მერიას მიმართონ აკადემიური მოსწრების (იგივე ნიშნების ფურცლის) დოკუმენტის შეტანით. ყოველწლიურად ნინოწმინდაში 15 სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით.
ერთ-ერთი მათგანი, ვინც განაცხადი შეიტანა, იყო ნინოწმინდელი ეკატერინე კაპლანიანი. ამბობს, რომ ახლა ძალიან რთულია სტუდენტობა. დედაქალაქში ბინის გაქირავების ფასი გაორმაგდა. როდესაც ერთი-ორი წლის წინ თითოეული სტუდენტი 120-180 ლარს იხდიდა, ახლა ყოველი მათგანი იხდის მინიმუმ 200 ლარს, კომუნალური გადასახადების გარეშე. გარდა ამისა, ბევრი სტუდენტი იხდის სწავლის საფასურს – წელიწადში 2250 ლარს. „ეს არ არის მცირე თანხები. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ინიციატივა მიიღეს. ვფიქრობ, ეს გარდა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, სტუდენტებს მისცემს სტიმულს, ისწავლონ კარგად და არ დატოვონ ქვეყანა“ – ამბობს ეკატერინე.
გოგონას თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვისთვის. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდების ხმა გაიგონ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები იყოს გათვალისწინებული”, – ამბობს ის.
დეტალები ჩვენს აუდიო რეპორტაჟში.