არასრულწლოვნების ინტიმური ფოტოსურათების გავრცელების მიზეზები – ახალგაზრდების აზრი

არასრულწლოვნების ინტიმური ფოტოსურათების გავრცელების მიზეზები – ახალგაზრდების აზრი

დღესდღეობით, მთელს მსოფლიოშია გავრცელებული ინტერნეტით შანტაჟი. ძირითადად, ამგვარი შემთხვევები მსოფლიო აბლაბუდით ადამიანების ინტიმური ფოტო/ვიდეომასალის გავრცელებას უკავშირდება. შიშველი ფოტოების, ე.წ. “ნუდების”, გადაღება (და თუნდაც ვინმესათვის გაგზავნა) საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში, თუმცა ხშირად ეს ფოტოები ხვდება სოციალურ ქსელში ან/და შანტაჟის საგანი ხდება.

ინტიმური სახის ფოტოების გავრცელებისა და შანტაჟის გამო არაერთი პირია დაკავებული სამცხე-ჯავახეთშიც, თუმცა მიუხედავად ამისა პირადი ფოტოების გამოთხოვებისა და შემდგომ მათი გავრცელების ფაქტები მაინც არსებობს, რომლის მსხვერპლებიც ხშირად არასრულწლოვნები არიან. ამის შესახებ ჩვენ რამდენიმე ახალგაზრდას გავესაუბრეთ, რომლებიც ამ ტენდენციის გავრცელების სხვადასხვა მიზეზებს ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა რესპოდენტმა ანონიმურად საუბარი აირჩია.

მიზეზი 1: არასწორად გაფილტრული ინფორმაცია

რესპოდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ თინეიჯერების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებსა და ზოგადად ინტერნეტში მიღებულ ინფორმაციას ვერ ფილტრავს. ისინი არ უფიქრდებიან იმას, თუ რა რისთვის კეთდება და ამიტომ უგზავნიან საკუთარ ფოტოებს პარტნიორებს/შეყვარებულებს, რამაც შესაძლოა ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს.


ახალქალაქში 21 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანს სქესობრივ ურთიერთობას აიძულებდა და ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა

“ყველაფერი მოდის იქიდან, რომ გოგონები არასწორად შერჩეულ ადამიანებთან არიან შეხებაში. იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანმა მხარი დაუჭიროს, დაეხმაროს განვითარებაში, წარმატების მიღწევაში სხვადასხვა სფეროში, ის არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს და შემდეგ ფოტოებს ითხოვს.

ამას კარგი არაფერ მოჰყვება. მსხვერპლი ამ შემთხვევაში დიდი პრობლემების წინაშე დგება. მაგალითად მისი ოჯახის წევრების, ახლობლების რეაქცია, “გაფუჭებული” სახელი და საზოგადოების წნეხა. ამ დროს კი დამნაშავე შეიძლება არც კი დაისაჯოს, რადგან საზოგადოების აზრის ან სხვა ფაქტორების გამო გოგონამ შესაძლოა არც კი თქვას, რომ ასეთი ფაქტი მოხდა” – ამბობს ასია ბალასანიანი.

მიზეზი 2: მშობლებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრული

ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტის აზრით, მიზეზი, რის გამოც საზოგადოება ასეთი ფაქტის წინაშე დგება, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობებია. მისი აზრით თუ კი არასრულწლოვანი დადგება ინტიმური ფოტოს გამოთხოვების ან შანტაჟის ფაქტის წინაშე, პირველ რიგში მან მშობლებს უნდა აცნობოს ამის შესახებ. თუმცა აქ ჩნდება მეორე პრობლემა – მშობლების სიმკაცრე. მშობლებსა და შვილებს შორის ხშირად არ არის იმ დონის ურთიერთობა დამყარებული, რომ ბავშვებმა თავისუფლად შეძლონ მშობლებთან ასეთ “ტაბუდადებულ” საკითხებზე საუბარი.



“მშობლებმა უნდა დააყენონ შვილები სწორ გზაზე. არ უნდა განკიცხონ, არ უნდა სცემონ, რაც ხშირად ხდება ჩვენს რეგიონში, არ უნდა დაადანაშაულონ. მათ უნდა მისცენ რცევები, როგორც მშობლებმა, მეგობრებმა. სანამ ფაქტი მოხდება მშობელმა უნდა ისაუბროს შვლთან ამის შესახებ, რადგან ეს საჭიროა. მათ არ უნდა იფიქრონ იმაზე, რომ სახელი გაუტყდებათ და ა.შ., მათ უნდა იფიქრონ საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე. საჭიროების შემთხვევაში კი პოლიციასაც კი უნდა მიმართონ” – ამბობს გოგონა.

ამაზე უფრო დეტალურად ჩვენს რესპოდენტს ვესაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ რესპოდენტის ხმა ანონიმურობის დაცვის მიზნითშეცვლილია.

Radio NOR · მშობლებისა და შვილების ურთიერთობა

მიზეზი 3: არასწორად გაგებული პრინციპები და განათლება

ბელა ავეტიანის აზრით ძირითადი მიზეზი იმისა, რომ გოგონები აგზავნიან პირად ფოტოებს და შემდეგ ეს ყველაფერი ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში ეს არის ევროპული პრინციპების არასწორად გაგება, რომელიც მოიცავს გენდერულ თანასწორობას, განათლების სტანდარტებს, თავისუფლების კონცეპტსა და სხვ.

“მოსახლეობის დიდ ნაწილს, თავისუფლება სხვაგვარად ესმის. ჰგონიათ, რომ თავისუფლება ისაა, როდესაც აკეთებ იმას, რაც აზრად მოგდის. მაგრამ არ აცნობიერებენ იმას, რომ ნებისმიერ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში არის გარკვეული შეზღუდვები. ასეთი შეზღუდვები უნდა ჰქონდეს დაწესებული თითოეულ ადამიანს საკუთარი თავისთვის, რათა არ დადგეს ისეთი პრობლემის წინ, როგორიცაა პირად ცხოვრებაში ჩარევა და მისი მესამე პირებისთვის გაზიარება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული კანონი, რომელიც კრძალავს შანტაჟს და პირადი ფოტოსურათების გავრცელებას, მაინც გამოჩნდებიან ისინი, ვინც გვერდით აუვლის წესებს. უბრალოდ თვითონ გოგონებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ ეს შეიძლება სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენონ და არ უნდა ენდონ ყველას.” – ამბობს ბელა.

ნინოწმინდაში იწყება ახალი 5 წლიანი პროექტი “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”

მიზეზი 4: გოგონების მსუბუქი ქცევა და “მამაკაცური ცნებები”

ჩვენი მეოთხე რესპოდენტის აზრით ინტიმური ფოტოების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პირველ რიგში ისაა, რომ გოგო აგზავნის ასეთ ფოტოს, რაც მის უპატიოსნობაზე მეტყველებს.

“ცუდია, რომ ბიჭები ითხოვენ ასეთ ფოტოებს. არ შეიძლება ასეთი რამ, მაგრამ თვითონ გოგომაც უნდა გააცნობიეროს, რომ არასწორად იქცევა, როდესაც თავის პირად ცხოვრებას ხელმისაწვდომს ხდის”.

უფრო დეტალურად შეგიძლიათ ჩვენს აუდიოში მოისმინოთ. რესპოდენტის ხმა შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით.

Radio NOR · მიზეზი 4: გოგონების მსუბუქი ქცევა და “მამაკაცური ცნებები”