ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ კათნატუში: რა გეგმები აქვს სამინისტროს?

ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ კათნატუში: რა გეგმები აქვს სამინისტროს?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კათნატუს ერთადერთი საჯარო სკოლის ავარიული მდგომარეობისა და ახალი შენობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რადიო NOR-ი დაუკავშირდა განათლების სამინისტროსთან არსებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს.

უწყების ცნობით, 2022 წლის ივლისში, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა შეისწავლეს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სკოლის შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და მიზანშეწონილია შენობის ახლით ჩანაცვლება.

ამ ეტაპზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, მიმდინარეობს, სკოლის მშენებლობისთვის საჭირო წინასაპროექტო კვლევითი სამუშაოები, ხოლო მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ. დაფინანსების წყაროდ სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილება.

უწყების ინფორმაციით, საჯარო სკოლის მშენებლობის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება მიმდინარე წელს და სამუშაოების დაწყების დრო კი ტენდერის დასრულებისა და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განისაზღვრება.