როგორ იყენებენ ახალგაზრდები ევროპაში დასაქმების შესაძლებლობას

როგორ იყენებენ ახალგაზრდები ევროპაში დასაქმების შესაძლებლობას

25 წლის რომა ვოსკანიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-კილისადან ახლა მუშაობს და ცხოვრობს გერმანიაში, ქალაქ შტადეში.

სკოლის დამთავრების შემდეგ რომას თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდოდა სწავლა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, სასწავლებლად არ წასულა ფინანსური პრობლემების გამო. ამ დროს მან გადაწყვიტა, რომ უნდა იმუშაოს, რათა თბილისში საცხოვრებლად თანხა მოეგროვებინა.

„სამსახური ვნახე, გარკვეული პერიოდი ვიმუშავე და ამ დროის განმავლობაში ჩემი მიზანი შეიცვალა. თბილისის ნაცვლად, გადავწყვიტე ევროპაში დამეწყო სწავლა. დავიწყე იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლებოდა გერმანიაში წასვლა მინიმალური რესურსებით“, – ამბობს რომა.

მან ინტერნეტში იპოვა პროგრამა Au Pair. ამ პროგრამაშ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-28 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც იციან გერმანული ენა ა1 დონეზე მაინც.

გერმანელების ოჯახებში ორივე მშობელი მუშაობს. ამის გამო ხშირად ბავშვთან დარჩენის და მასზე ზრუნვის შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ ისინი ხშირად მიმართავენ Au Pair-ს, რათა ნახონ ადამიანი, რომელიც მათ ბავშვს მოუვლის, სკოლაში ან ბაღში წაიყვანს და შემდეგ შინ დააბრუნებს.  როგორც რომანი ამბობს ეს ფულის გამომუშავებისა და ენის სწავლისთვის კარგი შესაძლებლობაა, რადგან ხელშეკრულების მიხედვით გარდა ძირითადი ანაზღაურებისა, დასაქმებულებს ერიცხებათ თანხა გერმანული ენის კურსებისთვისაც.

ახლა რომას აქვს საკუთარი ბლოგი ტიკტოკში, სადაც ის ჰყვება თუ, როგორ შეიძლება გერმანიაში წასვლა იოლი გზებით, სამსახურის პოვნა ამ ქვეყანაში ან სწავლა.

@romavoskanyan04 Replying to @Slot Manager ♬ original sound – Roma_Voskanyan

რომა ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ სწავლა, მუშაობა და ზოგადად იქ მიღებული გამოცდილება, კარგ შესაძლებლობებს უქმნის ადამიანს საქართველოში დაბრუნების შემდეგ. „საქართველოში კვალიფიციური კადრებს ითხოვენ. განვითარებულ ქვეყნებში მიღებული გამოცდილება კი პრიორიტეტად ითვლება“, – ამბობს ის.

Radio NOR · Calka – ashxatox

ლიუსი უნანიანი ახალქალაქიდანაა. გასულ წელს ის პოლონეთში წავიდა სამუშაოდ, სადაც 7 თვე იმყოფებოდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუწია დაბრუნება, თუმცა, როგორც ის გვიამბობს, ერჩივნა უფრო დიდხანს დარჩენილიყო.

29 წლის გოგონა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო, როდესაც ბიძამისმა დასაქმების შესაძლებლობაზე მოუყვა. ლიუსი იმ დროს სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდა. „მიყვარს თავგადასავლები. ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვრჩები. სომხეთში ვმუშაობდი გარკვეული პერიოდი, მაგრამ პანდემიის დროს დავბრუნდი სახლში, ცოტა ხანი აქ გავატარე დრო, სადაც საბავშვო შოუ პროგრამებს ვაორგანიზებდი. თუმცა შემდეგ ისევ გადავწყვიტე სომხეთში წასვლა და მუშაობა. როდესაც ბიძაჩემმა დამირეკა და მიამბო პოლონეთში დასაქმების შესახებ, ბევრი არ მიფიქრია. მოვნახეთ საცხოვრებელი, ვიყიდე ბილეთები და მალევე წავედი“, – ჰყვება ის.

ლიუსი ფიქრობს, რომ თუ ადამიანს საკუთარ ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობა აქვს, მაშინ ის არ უნდა წავიდეს საზღვარგარეთ სამუშაოდ. მისი აზრით, დღეს ახალგაზრდებს საქართველოში შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში გამოსცადონ თავი, იქნება ეს არასამთავრობო სექტორი, საჯარო უწყებები თუ საკუთარი საქმის წამოწყება. „ახლა ბიზნესის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში ბევრი პროგრამა და საგრანტო კონკურსი ცხადდება. მოსახლეობას შეუძლია ამით სარგებლობა და საკუთარი საქმის წამოწყება“, – ამბობს ლიუსი.

ლიუსი ფიქრობს, რომ დაბრუნდება ევროპაში, თუმცა ტურისტად. ახლა ის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრობს და უნდა, იმის დამტკიცება, რომ პატარა ქალაქშიც შეიძლება კარიერის აწყობა. 

საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. ცირკულარული მიგრაცია, დროებითი შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი ფორმაა, რაც საზღვარგარეთ მუშაობასა და შემდეგ, ისევ სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს. დღეს დაინტერესებულ პირს უკვე შეუძლია, დროებით, სამუშაო ვიზის ფარგლებში, საკუთარი პროფესიით დასაქმდეს 4 პარტნიორ ქვეყანაში, კერძოდ გერმანიაში, ისრაელში, საფრანგეთსა და ბულგარეთში.

ამ ეტაპზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო უშუალოდ არის ჩართული ორ ქვეყანასთან, ისრაელთან და გერმანიასთან არსებული ხელშეკრულებების განხორციელებაში.

გერმანიის სეზონური დასაქმების შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის თებერვალში და განხორციელება დაიწყო 2021 წლის თებერვალში. გასულ წელს პროგრამაში ახალი კომპონენტი გამოჩნდა, რომელიც გერმანელ დამსაქმებლებს საშუალებას აძლევდა უშუალოდ დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეებს და მოიწვიონ გერმანიაში სამუშაოდ.

გერმანიის გარდა, სააგენტო ლეგალური დასაქმების პროგრამას ისრაელშიც ახორციელებს. რეგისტრაციის პროცესი მათთვის, ვინც სამუშაოს ეძებს ისრაელში, დაიწყო 2021 წლის აპრილში.

საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2013 წლის 12. დღეის მდგომარეობით არის შესაძლებელი, რომ კონკრეტული, ხელშეკრულებით გაწერილი პროფესიის მქონე პირი დასაქმდეს საფრანგეთში გამარტივებული პროცედურებით.

ბულგარეთის რესპუბლიკასთან შეთანხმებას კი ხელი მოეწერა 2019 წლის 30 სექტემბერს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა ხსენებული შეთანხმების განხორციელებისათვის.

“ამ პროცესის მთავარი მიზანი არის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავება, მეტი ევროპული და წამყვანი შრომითი სტანდარტის გაცნობა ჩვენი მოქალაქეებისათვის, მათ შორის პრაქტიკულ დონეზე და ამის გადმოტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, სხვადასხვა სექტორში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების ხელშესაწყობად ბევრი პროგრამა არსებობს, ხშირია იქ დასაქმებულების მოტყუების შემთხვევებიც. კერძოდ, სამსახურის ცრუ დაპირება, ანაზღაურების დაკლება, პასპორტების წართმევაც კი.  

ულრიკე ბუტმალოუ, გერმანელი ჟურნალისტი, გვიყვება, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც გერმანიაში დამსაქმებელს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი აუღია. დასაქმებულები მხოლოდ საჭმლის სანაცვლოდ მუშაობდნენ. ერთგვარ მონობაში იყვნენ.

„ბოლო დღეებში იყო საქართველოდან და უზბეკეთიდან ჩამოსული დასაქმებულების გაფიცვა გერმანიაში. პოლონურმა კომპანიამ, სადაც ისინი დასაქმებულები იყვნენ, დაპირებულზე ნაკლები ხელფასბს უხდიდა და შესვენებისა და შვებულებაში გასვლის უფლებასაც არ აძლევდა“, – ამბობს ის. ულრიკე ამბობს იმასაც, რომ ეს მასობრივად არ ხდება, თუმცა არის ასეთი შემთხვევები.

Radio NOR · Ulrike

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2015 წლიდან 2022 წლამდე მიგრაციის სალდო 0.9 %-დან 14.7 % -მდე ავიდა. მიგრაციას კი ფემინიზაციის ტენდენცია ახასიათებს. ქართველი მიგრანტების ნახევარზე მეტი ქალია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალები არ მიდიან მიგრაციაში რამდენიმე თვით. IOM-ის მიერ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნებულ 1000-მდე ქალთან ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ქალი მიგრანტების უმრავლესობამ (35%) საზღვარგარეთ 1-დან 3 წლამდე გაატარა, 16%-მა  3-დან 6 წლამდე, 15 %-მა პროცენტმა კი 12-დან 20 წლამდე.

2022 წელს საქართველოს 1231 მოქალაქე გერმანიაში, 17 კი ისრაელში იყო ლეგალურად დასაქმებული(ეს მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების რაოდენობაა).

ცნობისთვის:

მიგრაციის სალდო ეწოდება ქვეყნიდან გასული და შემოსული ადამიანების რაოდენობის შეფარდებას. თუ ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი აღემატება ქვეყანაში შემოსულთა რიცხვს, მიგრაციის სალდო უარყოფითია, ხოლო თუ შემოსული ადამიანების რიცხვი აღემატება ქვეყანაში გასულთა რიცხვს, მიგრაციის სალდო დადებითია. როგორც ნახაზზე ვხედავთ, 1994 წლიდან საქართველოს მიგრაციის სალდო უარყოფითია. მხოლოდ ბოლო წლებში მიუხლოვდა ნულს.

ნინოწმინდიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში ე.წ. „ხოფანში“ მიემგზავრება. თუმცა ბოლო მოვლენების (უკრაინის ომის, რუსეთში მობილიზაციის, პანდემიის) შემდეგ, ამ ადამიანების რაოდენობა შემცირდა. ზოგმა ალტერნატივა ევროკავშირის ქვეყნებში იპოვა, ზოგმა კი საქართველოს ქალაქებში მუშაობა და ადგილზე განვითარება არჩია.

თუმცა მათი გარკვეული რაოდენობა კვლავ რუსეთის ფედერაციაში მიემგზავრება. მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში, ფულადი გზავნილების 51 % რუსეთიდან მოდის, 24% – ევროკავშირის ქვეყნებიდან, დანარჩენი 25% კი სხვა ქვეყნებიდან.

რადიო NOR-ის ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარეს, რათა გაეგოთ, თუ რომელ ქვეყანაში ურჩევნია ხალხს მუშაობა. მონაწილეობა მიიღო 420-მა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლემ. შედეგად, უმეტესობამ (69%) საქართველოში დარჩენა და კარიერის აქ აწყობა არჩია,  11% მეზობელ სომხეთში მუშაობის სურვილი გამოთქვა, გამოკითხულთა 8%-მა ევროკავშირის ქვეყნები,  9%-მა რუსეთის ფედერაცია, ხოლო დანარჩენმა 3-მა პროცენტმა სხვა ქვეყნებში დასაქმება აირჩია.

მასალა მომზადებულია მზია ხმალაძის და მარტინ აროიანის მიერ.