ვისთვის და როგორ არის ხელმისაწვდომი დასაქმების პროგრამა ნინოწმინდაში

ვისთვის და როგორ არის ხელმისაწვდომი დასაქმების პროგრამა ნინოწმინდაში

პირველი მარტიდან საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველი პირებისთვის დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკა წამოიწყო.

ამ დროისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კონტრაქტი 10 ოჯახთანაა გაფორმებული, 2-სთვის კი საბუთები მზადდება.

ნინოწმინდაში 14 ოჯახი დასაქმების პროგრამაშია ჩართული

თითოეული ოჯახიდან თითო წევრი საჯარო სამსახურშია დასაქმებული. ვაკანსიებს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განყოფილება აცხადებს. ამჟამად ვაკანსიები განძისა და ეშტიის სასოფლო თემებისთვისაა გამოცხადებული.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოციალური სააგენტოს ბაზაში 800 ოჯახია, რომელთა ქულაც 120 000-ს არ აღემატება. ამ ოჯახებიდან დაახლოებით 70%-მა პროგრამაში რეგისტრაციასა და დასაქმებაზე თანხმობა განაცხადა.

დასაქმებულები მიიღებენ შემწეობას სამუშაო საათების რაოდენობის მიხედვით. 8 საათიანი სამუშაო დღისთვის გათვალისწინებულია 300 ლარი. ბენეფიციარები სამსახურის ანაზღაურების გარდა, მიიღებენ ასევე სოციალურ შემწეობასაც და 4 წლის განმავლობაში მათი საცხოვრებლები სახლები არ შემოწმდება (გამონაკლისია შემთხვევა, თუ კი ოჯახში მკვეთრი ცვლილება მოხდა). პირების, ვინც უარს იტყვიან დასაქმებაზე და ხელს მოაწერენ უარის საბუთს, სახლები შემოწმდება წელიწადის განმავლობაში.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ ადგილზე არსებულ სოციალური მომსახურების ან დასაქმების დახმარების სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და რომლის ოჯახის რეიტინგიც არ სცილდება 120 000 ქულას.

პირს, რომელიც იქნება ჩართული დასაქმების პროგრამაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი 4 წლით უნარჩუნდება. შესაბამისად მათ ექნებათ ფულადი და არაფულადი შეღავათებით სარგებლობის უფლებაც. სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი ამ პერიოდში არ შეიმოწმება.

იხილეთ ასევე: